პაატა დავითაიას განცხადებით, ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოიტანენ, სანქცირებული იქნებიან ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებიც პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოიტანენ, სანქცირებული იქნებიან ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან.
როგორც პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის სარჩელს.
„გადაწყვეტილება როცა იქნება, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. ეს უმძიმესი დარტყმაა საკონსტიტუციო სასამართლოზეც. ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო სასამართლოს სახე შენარჩუნებული ჰქონდა იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, კლანს და ათას რაღაცას ეძახიან, სანქცირებულიცაა. ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება, 100%-ით გარანტიას გაძლევთ. სანქცირებული იქნება ბრიტანეთის მხრიდან, აშშ-ის მხრიდან, ის მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის მხრიდან რომ იქნებიან სანქცირებული, ეს ისევე მოხდება, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
საკითხი დგება, რომ მთელი სასამართლო სისტემა სანქცირებულია. ეს გვაშორებს ევროკავშირისგან. შემდგომ ამ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში როგორ უნდა გამოიტანონ სხვა საკითხებთან მიმართებაში? ყველაფერი ისეა აღრეული, რომ რაში უღირთ ამ გადაწყვეტილების მიღება? ვერ დავიჯერებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის სარჩელს და დატოვებს ამ პარტიებს, ეს ვერ წარმომიდგენია. რაც მათ თქვეს, ყველაფერს მიყვებიან და აკეთებენ. მანქანა უკვე ამუშავებულია, დაწყებული პროპაგანდისტული მანქანით. ეს ქვეყანას სადამდე მიიყვანს? გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი აღარ უნდა”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

























