ნიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება

ნიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება

„ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შეღავათების დაწესებას გეგმავს, მაშინ, როცა ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრით პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება.

„ჩვენი დათვლით, სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით შესაძლებელია ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ლარის მობილიზება, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად იძლევა შესაძლებლობას, რომ 2027 წლიდან ყველა პენსიონერის პენსია დამატებით 200 ლარით გაიზარდოს.

საზოგადოების ბრაზი რომ არ გამოიწვიოს, „ქართული ოცნება“ აზარტული თამაშებისთვის შეღავათების დაწესებას ტურიზმის განვითარებით ამართლებს და ამტკიცებს, რომ საუბარია სპორტულ შეჯიბრებაზე.

ვსვამთ მარტივ კითხვას? - თუ ეს სპორტული შეჯიბრებაა, რატომ რეგულირდება ის აზარტული თამაშების კანონმდებლობით და რატომ არის მისი ორგანიზების უფლება სამორინესთან დაკავშირებული?

რატომ სჭირდება მილიონობით ლარის საპრიზო ფონდის მქონე ღონისძიებას დამატებითი საგადასახადო შეღავათი, მაშინ, როდესაც სათამაშო ბიზნესის სამართლიანი დაბეგვრით პენსიონერების ცხოვრების მკვეთრად გაუმჯობესება შეგვიძლია?

სათამაშო ბიზნესის უკან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური და ბიზნესინტერესებიც დგას, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, რატომ ირჩევს ხელისუფლება ამ სექტორის სამართლიანი დაბეგვრის ნაცვლად მისთვის ახალი შეღავათების დაწესებას.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდი ლარი შეადგინა, 2026 წლის პირველ ორ კვარტალში კი - 47 მილიარდი ლარი. 2025 წელს ამ სექტორის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 35% იყო.

აზარტულმა თამაშებმა ათასობით ოჯახს გაუნადგურა ცხოვრება. ადამიანები კარგავენ დანაზოგს, უგროვდებათ ვალი, ენგრევათ ოჯახური ურთიერთობები და მომავალი.

ზოგ შემთხვევაში, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ კრიზისს ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვება, მათ შორის სუიციდის შემთხვევები.

რომელი ეკონომიკური სარგებელი გადაფარავს დანგრეულ ოჯახებს, განადგურებულ მომავალსა და დაკარგულ სიცოცხლეს?

ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება გამართლებული, როცა მისი სარგებელი კერძო ბიზნესს რჩება, ხოლო სოციალური ზიანის სიმძიმე მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს აწვებათ.

„ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება და დაიწყოს მისი შემოსავლების გადანაწილება საზოგადოების სასარგებლოდ, კერძოდ - პენსიონერებისთვის პენსიის რეალურად მოსამატებლად!“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.