შოთა ბერეკაშვილი გაზსა და წყალზე ტარიფის დიფერენცირებული მოდელით დაწესების ინიციატივაზე - ისეთი მექანიზმი უნდა გვქონდეს, რომ დავზოგოთ ენერგია - ახალ ეკონომიკურ მოდელში ვცხოვრობთ, სადაც ენერგოეფექტურობა პირველი ამოცანაა!

შოთა ბერეკაშვილი გაზსა და წყალზე ტარიფის დიფერენცირებული მოდელით დაწესების ინიციატივაზე - ისეთი მექანიზმი უნდა გვქონდეს, რომ დავზოგოთ ენერგია - ახალ ეკონომიკურ მოდელში ვცხოვრობთ, სადაც ენერგოეფექტურობა პირველი ამოცანაა!

ისეთი მექანიზმი უნდა გვქონდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს სურვილი, დავზოგოთ ენერგია - ჩვენ ახალ ეკონომიკურ მოდელში ვცხოვრობთ, სადაც ენერგოეფექტურობა ნომერ პირველი ამოცანაა! - ასე განმარტა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უმრავლესობის დეპუტატების პროექტის არსი, რომლის გათვალისწინებით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება, როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს და ფასი მოხმარების მოცულობაზე იყოს დამოკიდებული.

ბერეკაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ მთავარი აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, განსაკუთრებული მიდგომა იქნება ის, რომ სოციალური კომპონენტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს.

“კანონპროექტი მოქმედების არეალსა და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრავს. აქცენტი მოხმარების მოცულობაზე კეთდება, რაც კომისიას სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. ტარიფს და საბოლოო ფასს სემეკი განსაზღვრავს. დღეს საქართველოში ფიზიკური პირებისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ 55-56 თეთრს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირში. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბუნებრივი გაზი არ გაგვაჩნია, საქართველოს მთავრობის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, უაღრესად დაბალი ტარიფი გვაქვს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.

“დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“, - ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.