ანა წითლიძე - ზურაბ ადეიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, როგორ შეიძლება, მისი ნამოქმედარის გამო, მე ამიკრძალო პოლიტიკური საქმიანობა და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?

ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო. როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?! - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ვასილ როინიშვილი ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა“.
„წარმოდგენილ სარჩელში, 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად. ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე. თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეში ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თუმცა საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ სარჩელში ჩვენ დანაშაულად გვიფასებს. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“- განაცხადა ანა წითლიძემ.

























