ანა წითლიძე - მოსარჩელე მხარე გვედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე - გამოდის რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება

ანა წითლიძე - მოსარჩელე მხარე გვედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე - გამოდის რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება

მოსარჩელე მხარე ჩვენ გვედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე და გამოდის რომ „ქართული ოცნებისთვის” ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, როცა ეს ოპოზიციის ასაკრძალად სჭირდებათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი თავადაც აღიარებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები იყო, თუმცა ამ სისტემის მთავარი შემოქმედები და არქიტექტორები იყვნენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში უვადო მოსამართლეებად დაინიშნნენ.

„სასამართლო ხელისუფლების უსიტყვო მორჩილების ინსტიტუციურ კულტურას მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა საფუძველი ჩაუყარეს, ხოლო 2011 წლისთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი არ იყო დაცული და განაჩენების უმრავლესობა პროკურატურის სასარგებლოდ სრულდებოდა. ეს არის შემდეგი ბრალდება „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. ჩვენ ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს სასამართლო ხელისუფლებაში პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ვისაუბროთ ელემენტარულ სამართლებრივ ლოგიკაზე, რომელსაც ეს საკონსტიტუციო სარჩელი ფეხქვეშ თელავს. თუკი მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში სასამართლო სისტემა იყო მორჩილი, არადემოკრატიული და უსამართლო განაჩენებს იღებდა, ჩნდება მარტივი, ლოგიკური და სამართლებრივი კითხვა -ვინ იყვნენ ამ სისტემის არქიტექტორები და შემოქმედები? ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, სწორედ ისინი იყვნენ ამ პერიოდის სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი იერარქები, რომლებიც ხელს აწერდნენ და განკარგავდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც დღეს “ქართული ოცნება” დანაშაულად გვიფასებს. სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?”- განაცხადა წითლიძემ.

ანა წითლიძის მიერ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ზემოთ აღნიშნული ადამიანები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აწერდნენ ხელს და განკარგავდნენ მათ, მოსამართლე რევაზ ნადარაიას მხრიდან ჩაკითხვა მოჰყვა, თუ რას გულისხმობდა ის ხელის მოწერასა და განკარგვაში?

“მთავარი არგუმენტი მოსარჩელის არის. მე მომყავს ზუსტად ის, რაზეც მოსარჩელე საუბრობს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გულისხმობს, საერთოს თუ რას, არ ვიცი, რადგან აქ ამბობს - “მთელი სასამართლო კლანი მურუსიძე და ჩინჩალაძეო ესენი იყვნენ მთავარი”. რას ნიშნავს სისტემური დანაშაული თუ არა კლანს? სისტემურ დანაშაულებს გვედავება, რომ სასამართლო კონტროლდებოდა, მე ვხსნი ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მაღალ იერარქიას წარმოადგენდნენ. თვითონ მას უნდა ჰკითხოთ რა გადაწყვეტილებებს აწერდნენ ხელს. როგორ მოხდა, რომ ის სასამართლო პრაქტიკა სისტემურ დანაშაულად და ჩვენი აკრძალვის საფუძვლად მოაქვს, როგორ მოხდა, რომ ის ადამიანები, რომელთა მიერაც კონტროლდებოდა სასამართლო, როგორც მათ უწერიათ, აქციეს მათსავე ნაწილად. ისმის კითხვა, ეს ადამიანები სისტემაში დატოვა “ქართულმა ოცნებამ” და უვადო მოსამართლეებად დანიშნა? ეს არის კლასიკური სამართლებრივი პარადოქსი. მოსარჩელე მხარე ჩვენ გვედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე და გამოდის რომ “ქართული ოცნებისთვის” ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, როცა ეს ოპოზიციის ასაკრძალად სჭირდებათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობაა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც თქვენ მართლმსაჯულების იდეას ანგრევთ. თუ იმ წლების განმავლობაში სასამართლო პოლიტიკა ანტიკონსტიტუციური იყო, მაშინ ამ მოსამართლეების უვადოდ განმწესება ანტიკონსტიტუციური სისტემის პირდაპირი წახალისება და ლეგიტიმაციაა. თქვენ, მოგმართათ მოსარჩელეებს, არ შეგიძლიათ ერთი ხელით უვადო მოსამართლეებად აქციოთ ეს ადამიანები, ხოლო მეორე ხელით მათივე ნამოქმედარის გამო ოპოზიციაში ყოფნა აუკრძალოთ პოლიტიკურ პარტიებსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა ანა წითლიძემ.