ლანა გალდავა - თუ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რატომ არ მიმართეს პროკურატურას, რაღა სასამართლოში მიდიოდნენ? - პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმებით ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ გაუქმდება!

„ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდებოდა ამ პროცესის ფორსირება, რომ არ ჰქონდეთ პარტიების აკრძალვის განზრახვა - თუ პოლიტიკური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ყველაზე მეტად დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დააზიანებს ჩვენს საგარეო იმიჯს და კიდევ უფრო მეტად შეუმცირებს იმ გზას, რაც არის ძირძველ ისტორიულ ოჯახში ანუ ევროპული ოჯახის წიაღში ადგილის დამკვიდრებას. მე არ ვუსურვებ, რომ ამ პროცესის მონაწილე გახდეს ვინმე, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
გალდავას თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარტიებისთვის რეგისტრაციის აკრძალვით, ქვეყანაში ოპოზიციური აზროვნება ვერ გაქრება.
„პარტიების აკრძალვით, ამ კონკრეტულ პარტიებში შემავალი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვით, ისინი იმ შედეგს, რა შედეგიც უნდათ ანუ ამ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური აზროვნების გაქრობა, პოლიტიკური პლურალიზმის გაქრობა, ვერ მიიღწევენ. რეგისტრაციის გაუქმებით, ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი არ გაუქმდება. რაც შეეხება უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნებს, არის აბსოლუტურად აბსურდული. პირველ რიგში, აბსურდულია იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ჩვენს კოალიციასთან დაკავშირებით ვერ განმარტეს და ვერ დაასაბუთეს, რას გვიჩივიან. „ლელოს“ ლიდერები, პოლიტსაბჭოს წევრები, ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდით წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებებისთვის, ვიყავით გაერთიანებულ ოპოზიციაში წარმოდგენილები, პირადად მე ვიყავი, ასევე მუდმივად ყველა იმ დარბევის მონაწილე, რაც განხორციელდა. ახლა თუ გადავხედავთ გუშინდელ დღეს, უკვე ჩაიკითხეს ის ნუსხა, რას გვედავებიან და აღმოჩნდა, რომ გვედავებიან თურმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რატომ გადაწყვიტეთ, რომ კოორდინაცია გქონოდათ გახარიას პარტიასთანო. ანუ არჩევნების პერიოდში რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გვექნებოდა კოორდინაცია, რა სტრატეგიას ავირჩევდით, ეს ყოფილა, თურმე, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
ტერმინ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზეც“ რომ ვისაუბროთ, ეს „ქართული ოცნების“ შექმნილი ტერმინია. „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ოდიოზურები, მათ შორის, და სისტემური დანაშაულების შემქმნელები, თვითონ ჰყავთ სხვადასხვა თანამდებობებზე, ამიტომ თუ განშტოებებზეა საუბარი, ასევე წარმატებით შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ ეწოდოს „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება, იმდენი ადამიანი ჰყავთ გადაპორტირებული, სხვათა შორის, უვარგისი კადრები, რომლებიც ასევე წინა ხელისუფლების დროს მასიურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ ამდენი წლის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების დანაშაულებრივი ქმედება იკვეთებოდა, რატომ არ დაიწყო ამ დრომდე გამოძიება და რატომ მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს.
„რაც შეეხება დემოკრატიას და დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ დემოკრატიის საყრდენ ძალას.
დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ხომ ეყრდნობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც იყო შექმნილი პარლამენტში, რომელიც თავის მხრივ პარლამენტის სტრუქტურული დროებითი ერთეული იყო და მას პარლამენტზე მეტი უფლებამოსილება არ აქვს. კომისიამ უნდა გამოსცეს დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით თუ სისხლის სამართლის დანაშაულებზე იყო საქმე, აუცილებელი იყო დასკვნა გადაგზავნილიყო საქართველოს პროკურატურას, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, უნდა ჩანიშნულიყო საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა და იქ უნდა ემსჯელათ, მაგრამ არც დასკვნა გადაუგზავნიათ საქართველოს პროკურატურაში და არც გამოძიება დაწყებულა. თუ ოპოზიცია სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ მიდიოდა, თუ მუდმივად გადატრიალებას გეგმავდა, რაღა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდიოდნენ“, - განაცხადა ლანა გალდავამ.
ლანა გალდავამ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა, გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის თანამდებობიდან გადადგომას და აღნიშნა, რომ გამოძიებამ უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიიღოს და უნდა შეეხოს უშუალოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელსა და იმ თანამშრომლებს, რომლებიც დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის დროს მუშაობდნენ.
„აუცილებელია გამოძიების ფარგლებში არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, არამედ უშუალოდ კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა. ასევე, იმ დღეს, კონკრეტულად იმ პერიოდში რეჟიმის თანამშრომლები ვინც იყვნენ, იმათი პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა. საჭიროა გამოძიების ფარგლებში უწყვეტი კადრების ამოღება. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პატიმრის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე არის მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულება“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

























