5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა.

სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და დღეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გრძელდება.

"საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო დასაშვებად. „მათ არ აინტერესებთ საერთოდ მტკიცებულებები. მტკიცებულებები რომ აინტერესებდეთ, იმდენი აბსურდია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც ფაქტობრივ მტკიცებულებად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, საერთოდ დასაშვებად არ უნდა ეცნო ეს საქმე. ჩვენი მიზანი დღეს იქნება, რომ კონკრეტულ საქმეებზე ვილაპარაკოთ, კონკრეტულ ე.წ. ფაქტებზე, რაც საგამოძიებო კომისიაში არის ბრალდებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა ნახონ, თან დარწმუნებული ვარ, არც ექნებათ მოწმეთა ჩვენების დიდი ნაწილი წაკითხული, რა აბსურდი მიიღეს ფაქტობრივ მტკიცებულებად ამ საქმეზე, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ჩვენებას აძლევენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და რეალურად რა მოტივაცია ამოძრავებდათ“, - განაცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან პროცესის დაწყებამდე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.