გიორგი კახიანი - მოლოდინი გვქონდა, რომ „ნაცმოძრაობა“ რაღაცას მაინც იტყოდა სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ სასამართლოს ტრიბუნა ისევ პოპულიზმისთვის გამოიყენეს და ისაუბრეს, რა კარგი იყო მათი ხელისუფლება - კონტრარგუმენტები არ აქვთ

ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციის მოსმენა, რადგან ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, ჩვენ სარჩელთან მიმართებით, რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ - თუმცა ვნახეთ, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა ისევ პოპულიზმისთვის გამოიყენეს - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის გამოსვლა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენა იმისთვის, რომ ესაუბრა, “რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება“. კახიანის შეფასებით, მათგან ვერანაირი კონტრარგუმენტები ვერ მოისმინეს.
„გუშინდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მათ პოზიციაზე ისაუბრა. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციის მოსმენა, რადგან ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, ჩვენ სარჩელთან მიმართებაში, რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა ისევ პოპულიზმისთვის გამოიყენეს და ისაუბრეს იმაზე, თუ რა კარგი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება და ჩვენ ქვეყანას რამდენი სიკეთე მოუტანა. ამის იქით რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ეს კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და შეეცადა იქნებ მხარეს დაეზუსტებინა კონკრეტულად რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ, თუმცა როგორც ჩანს, არ აქვთ სამართლებრივი კონტრარგუმენტები ამიტომ ვერც მოვისმინეთ ისინი. დღეს კიდევ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათაც ყურადღებით მოვუსმენთ, თუმცა, როგორც ჩანს “ნაციონალურ მოძრაობას” კონტრარგუმენტები არ აქვს”, - განაცხადა კახიანმა.

























