სალომე სამადაშვილი - პარტიების აკრძალვა ივანიშვილისთვის იქნება დამატებითი პრობლემების დასაწყისი, მათ შორის, საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება უნდა შესრულდეს

სალომე სამადაშვილი - პარტიების აკრძალვა ივანიშვილისთვის იქნება დამატებითი პრობლემების დასაწყისი, მათ შორის, საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება უნდა შესრულდეს

პარტიების აკრძალვა, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს, ივანიშვილისთვის იქნება დამატებითი პრობლემების დასაწყისი, მათ შორის, საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა განმარტა, კრემლს სურს, თავი დაიზღვიოს მოვლენების ისეთი განვითარებისგან, როგორიც ეს რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, „სადაც სიტუაციას რუსეთი აკონტროლებდა, ხალხმა კი პრორუსი მთავრობა მოიშორა“.

„მე მაქვს განცდა, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა, საქართველოში პროევროპული პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს და მისი ჩამოშორება მოხდეს პოლიტიკური პროცესებიდან იმიტომ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ დღეს ჰყავდეს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავი დაიზღვიონ ისეთი მოულოდნელობებისგან, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა, სადაც რუსეთი აკონტროლებდა ვითარებას და შემდეგ პროევროპულმა ძალებმა შეძლეს პრორუსული რეჟიმების დამარცხება. ამიტომ, რუსეთისგან ივანიშვილის დავალება არის ის, რომ განადგურდეს ყველა პროევროპული მოთამაშე. არავის არ ეგონოს, რომ რუსული კანონი თბილისში დაიწერა, რომლის მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა. ასევე ანტიკონსტიტუციური კანონები, რომელზეც ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი. პარტიების აკრძალვა კონკრეტული კანონების საფუძველზე ხდება. ამ კანონებზე ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ისინი ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს არყევენ.

„ლელოს” შეტანილი გვაქვს სარჩელი თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონების კონსტიტუციურობის დადგენაზე. წარმოიდგინეთ, როგორ სამართლებრივ აბსურდში ვცხოვრობთ, რომ ჯერ ეს კანონები განეხილათ, ეგებ არ არის კონსტიტუციური და იმის საფუძველზე დაწერილი სარჩელი მერე განეხილათ. ამაზე უარი გვითხრეს.

ეს ხელისუფლება იმდენად აბსურდშია შესული, პარტიების აკრძალვის იდეა პირველ რიგში, მისთვის არის დამაზიანებელი. ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ეს არის მთავარი სახელმწიფო პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ ეს საბოლოოდ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ივანიშვილს არ ესმის, რომ მას შეუძლია აკრძალოს პარტია, მაგრამ ვერ აკრძალავს მილიონზე მეტ ადამიანს და ეს რაოდენობა იზრდება, ვისაც ამ ქვეყანაში ცვლილება სურს.

ბევრი გამოწვევა აქვს ამ ხელისუფლებას. პარტიების აკრძალვა, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს, ივანიშვილისთვის იქნება დამატებითი პრობლემების დასაწყისი, მათ შორის, საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება უნდა შესრულდეს”, - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნვის ნაცვლად შიდა კრიმინალური გარჩევებით არის დაკავებული.

სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში კრიმინალური სამყარო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. მისი ვარაუდით, კრიმინალური დანაყოფი სუს-იდან იმართებოდა, ახლა კი სუს-ის მმართველობის ზედა რგოლებში რყევებია, რამაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს შორის სიტუაცია გააუარესა.

„ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალური სისტემა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ვერტიკალთან არის შერწყმული. ახლა, როდესაც სხვადასხვა მიზეზით გადაწყვიტეს, რომ სისტემური ცვლილებები განეხორციელებინათ [მე ვვარაუდობ, რომ სუს-იდან იმართებოდა ეს კრიმინალური ნაწილი], იქ, სადაც სუს-ში მოხდა დემონტაჟი ყოფილი რეჟიმისა და არის მცდელობა, რომ ჩანაცვლდეს სხვა რეჟიმით, ამან რყევა გამოიწვია სხვადასხვა ქვედანაყოფში.

რამდენი წელია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალური სამყარო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ დარბევის დროს, მოქალაქეებზე თავდასხმის დროს და ა.შ.

როცა კრიმინალური სამყარო სისტემის ნაწილია, როდესაც მართვის ზედა რგოლში რყევებია, ეს არის ბუნებრივი შედეგი და ეს შედეგი საქართველოს მოქალაქისთვის არის გაუარესებული ყველა ასპექტში იმიტომ, რომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნვის ნაცვლად შიდა კრიმინალური გარჩევებით არის დაკავებული”, - აღნიშნა სამადაშვილმა.