ბადრი ჯაფარიძე - „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით მართლაც უნიკალური ბრალდებები მოვისმინეთ - თუკი ვინმეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება ეწოდოს, ეს არის „ქართული ოცნება“

„ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით მართლაც უნიკალური ბრალდებები მოვისმინეთ - თურმე კონსტიტუციის დარღვევაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ქარტიას ხელი მოვაწერეთ და ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით, - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
ჯაფარიძის თქმითვე, თუკი ვინმეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება ეწოდოს, ეს არის „ქართული ოცნება".
„დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შესავალი სიტყვა მოვისმინეთ. ძალიან გვაინტერესებდა, რას იტყოდნენ „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ დაკავშირებით. მართლაც უნიკალური ბრალდებები მოვისმინეთ - თურმე კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და ადგილობრივი არჩევნების დროს გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ასევე მოვისმენთ, რომ არ გავაკეთეთ შეფასება 2019 წლის 20 ივლისის მოვლენებზე, როცა პარტია შექმნილი არ იყო.
გარდა ამისა, ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა „ლელოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება უწოდა. ამ დროს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მმართველი ორგანოების არცერთი წევრი და არცერთი ლიდერი, 2003-2012 წლებში, როცა ქვეყანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ყოფილა. თავად „ქართულ ოცნებაში“ კი უამრავი პირია, რომელსაც მაშინ პოლიტიკური და მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობა ეკავა და დღესაც როდესაც “ქართული ოცნება“ მართავს, მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. თუკი ვინმეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება ეწოდოს, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

























