არჩილ გორდულაძე - „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე - ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი

არჩილ გორდულაძე - „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე - ზაზა ბიბილაშვილმა მოიტყუა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი

ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას მოიტყუა, რომ საგამოძიებო კომისიას არ გაუგზავნია საგამოძიებო სამსახურებისთვის არაფერი. ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი იხილავს.

გორდულაძის თქმით, ოპოზიციას და, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მტკიცებულება არ აქვს „ქართული ოცნების” მიერ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების გასაბათილებლად.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატიის ზეიმი, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები, არ არსებობდა ადამიანების რეკეტი და არც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არ შეუცვლია ქართველ ხალხს ეს მწამებლური სისტემის შემქმნელი რეჟიმი. აი, აქამდე მივიდა ბატონი ზაზა.

მათ არანაირი მტკიცებულება რომ არ აქვთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხების გასაბათილებლად, ეს ორჯერ ორია. მან ორი საათის განმავლობაში ილაპარაკა ყველაფერზე და არაფერზე სარჩელთან დაკავშირებით. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ”, - განაცხადა გორდულაძემ.