ზაზა ბიბილაშვილი - ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გვასამართლებენ, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა! ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შექმნა, „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“

საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გვასამართლებენ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა! საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ ცალმხრივად თავად შექმნა - სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა - ეს არის მთელი ჩვენი პროცესი! თავად შექმნეს მტკიცებულება და ამბობენ, რაც მე ვთქვი, იმას დაეყრდენითო! - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
ბიბილაშვილმა სასამართლოს წინაშე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მომზადებულ განმარტებით ბარათში ოპოზიცია უკვე დამნაშავედ იყო გამოცხადებული და კომისიის შექმნამდე წინასწარ ჩანდა შედეგი, რაც კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დამდგარიყო.
მან განაცხადა ისიც, რომ არცერთი საქმე საგამოძიებო კომისიას საგამოძიებო ორგანოში გაგზავნილი არა აქვს. ბიბილაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ დროებითი კომისიის ყველა წევრი პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გავიდა.
„კონსტიტუციური სარჩელის ერთადერთი წყარო და მტკიცებულება დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. არცერთ შემთხვევაში დასახელებული არ არის განაჩენი სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომლის საფუძველზეც პარტიის აკრძალვას ითხოვენ. არსებითად ეს დასკვნა სხვა არაფერია, თუ არა ერთ დოკუმენტად აკინძული “ასავალ-დასავალი“.
მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ მათ ერთი მტკიცებულება კი არა, ბევრი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი, თუმცა თავად სარჩელი ამის საპირისპიროზე მეტყველებს. თუ მტკიცებულება ბევრია, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იყო, ეს მტკიცებულებები სარჩელისთვის დაერთო და არა ეს ბელეტრისტიკა - თუ მომინდა ასეთ წელიწადში ათს გამოვცემ! არანაირი ღირებულება არ გააჩნია დასკვნას, სადაც არის ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის წიაღსვლები, პოლიტიკური შეფასებები და კომისიის თავმჯდომარის მიერ დამთავრებული მოწმის წინადადებები. მხარეს თავად მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რაც მას არ გაუკეთებია. რომ წარმოედგინა, მაშინ მე ვალდებული ვიქნებოდი პასუხი თითოეული მტკიცებულებისათვის გამეცა.
ეს მტკიცებულება კი [პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა] ფაქტობრივად და სამართლებრივად იმდენად ნაკლულია, რომ მისი გაზიარება შეუძლებელია. თქვენი ვალდებულებაა, ეს მტკიცებულება შეაფასოთ და შემდგომ ამას თქვენი გადაწყვეტილება დააყრდნოთ. საქმეში არსებული ეს ერთადერთი მტკიცებულება მოსარჩელემ თავად ცალმხრივად შექმნა. სარჩელის ყველა ბრალდება ერთი და იგივე ფორმულირებით მთავრდება: - „ყოველივე ეს დასტურდება საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით და სხვა სათანადო წყაროებით. სახალხო ენაზე რომ ვთქვათ: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა - ეს არის მთელი ჩვენი პროცესი!“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

























