ირაკლი ფავლენიშვილი - უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე ასეთი ინტენსიური აქციები ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილმა ვერ გატეხა, ვუჩიჩის ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ შორის კი პარალელები არსებობს

პროტესტზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. როცა ამდენი ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე და პერმანენტულად იღებს მონაწილეობას მარშებში, ეს არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით გუშინ გამართულ აქციას.
ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ აქციაზე მოსული ადამიანების რაოდენობით კმაყოფილია და „უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე ასეთი ინტენსიური და მასშტაბური აქციები ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილმა ვერ გატეხა“.
“რაც შეეხება კონკრეტულად რიცხვებს, რეპრესიების ფონზე, რომელიც არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ასეთი ინტენსიური და მასშტაბური შეკრებები ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ქართველი ხალხი და მისი საპროტესტო სულისკვეთება ვერ გატეხა.
მე პირადად ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი იმ ადამიანების რაოდენობით და სულისკვეთებით, რაც ვიხილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შემდეგში რუსთაველის გამზირზე”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილი სერბეთში მიმდინარე მოვლენებს და სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებს, რომ მისი გუნდის არჩევნებში დამარცხება იყო რევოლუციის დადასტურება, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნისა და ამერიკული „დიფ სთეითის“ პირდაპირი მხარდაჭერისგან.
მისი თქმით „შემთხვევითი არ არის, რომ პრორუსული მეთაურები იგივე ნარატივებს იმეორებენ, რასაც „ქართულ ოცნებაში“, ამიტომ განსაკუთრებულ სიახლესთან საქმე არ გვაქვს”.
„კარგია, რომ საპროტესტო მოძრაობამ, არამხოლოდ პროდასავლურმა და პროევროპულმა, არამედ ანტიკორუფციულმაც მიაღწია გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სერბეთს კარგ შედეგს მოუტანს.
როგორც ვუჩიჩი და სხვა პრორუსი ხელისუფლებები მთელი ევროპის მასშტაბით და არამხოლოდ ევროპაში, საუბრობენ მუდმივად ამ შეთქმულების თეორიებზე, აგრესიულ დასავლეთზე, მეორე ფრონტის გახსნაზე და „დიფ სთეითზე“, ისევეა საქართველოში. ახალგაზრდობა და მათ შორის ანტიკორუფციული მიზნებით გამოსული ხალხი და არამხოლოდ პროდასავლური მიზნებით გამოსული ხალხი, იქაც იბრძვის თავისუფლებისთვის, იქაც იბრძოდა და აქაც იბრძვის. სხვათა შორის, ფაქტობრივად, იდენტური წლებია გასული ვუჩიჩის და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებობს პარალელები, თუმცა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო სერბეთი უფრო წინ იყო წასული დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე საქართველო,” - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილმა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ იმ ანგარიშზეც ისაუბრა, რომელიც 2026 წლის ნოემბერში უნდა გამოქვეყნდეს და აღნიშნა. რომ „ივანიშვილის საქართველოს პირობებში ევროპაზე საუბარი აბსოლუტური არაადეკვატურობაა“
„ევროპაზე საუბარი ივანიშვილის საქართველოს პირობებში არის აბსოლუტური არაადეკვატურობა , ეს კაცი ყველა დიქტატორულ კანონს იღებს, რაც მსოფლიოში ალბათ ვინმეს მოუგონია. ამ ფონზე ევროპულ ინტეგრაციაზე საუბარი აბსურდული და არასერიოზულია და არც არავინ არ განხილავს ამ კონტექსტში საქართველოს”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

























