ირაკლი ჭეიშვილი - ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლო წესიერად - ეს არის სახედაკარგული, ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი

ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლო წესიერად - პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი, მხოლოდ ამის მობილიზება შეძლეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია ხავსს არის მოკიდებული, პულსიც არ ეზომებათ და "საერთოდ წაშლილები არიან პოლიტიკური ველიდან".
"მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა აღნიშნულ აქციას და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად. ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, თითქოს, არ იყო ხალხის მასა აუცილებელი. ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავდით მთელი ამ საორგანიზაციო პროცესის პერიოდში, რომ უნდა ყოფილიყვნენ ბევრნი და „ქართული ოცნებისთვის“ და ხელისუფლებისთვის ძალა უნდა დაენახებინათ. ზოგადად, ეს არის სახედაკარგული, ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. ის აქცია იყო თავიდან ბოლომდე იმის შედეგი, თუ რა პოლიტიკას ატარებენ ჩვენი ქვეყნის მტრები და რადიკალური ოპოზიცია ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში. ქართველი ხალხი ბრძენია, ხედავს რეალურად და აფასებს ზუსტად ისე, როგორც არის საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, ქართული ოპოზიცია, რადიკალები, პოლიტიკური ველიდან საერთოდ წაშლილები არიან, ამათ პულსიც არ ეზომებათ. საერთოდ, ხავსს მოკიდებულია დღევანდელი ოპოზიცია," - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, "ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე” გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა. პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია იქნება სხვა პერმანენტული აქციების დასაწყისი, 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

























