ნიკა გვარამია - ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველას, სასამართლოს დარბაზში, ქუჩებში, სადაც მიგვიშვებენ და სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი - გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ

ვიდრე ივანიშვილი არის აქ, ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენგანის მარცხის დღე. ევროკავშირის გადადება ყველა ჩვენგანის მარცხია, ყველა ჩვენგანის მარცხია ჩვენი შვილების ნათელი მომავლის უსასრულოდ გადავადება, ჩვენი ისტორიული წინაპრების მარცხია ივანიშვილი ამ მიწაზე და მიტაცებული საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის მეტროსთან, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა აუცილებელია ხალხის რაოდენობა, რადგან ის დროა, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი შედეგების მიღწევა.
„რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა, როგორ ვუყურებ იმას, რაც შემდეგ დღეებში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. 28 ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიკური დღე უნდა იყოს. დღეს, მიუხედავად ამინდისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო გვქონდა სამუშაოდ და ინფორმირებისთვის, მაინც ბევრი ხალხია, მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მთავარი რაოდენობაა. მოვიდა ის დრო და უნდა გვიხაროდეს, კიდეც, რომ მოვიდა, როცა რაოდენობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს - საქართველო ივანიშვილის გარეშე!
ვიდრე ივანიშვილი არის აქ, ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, არის ყველა ჩვენგანის მარცხის დღე. ევროკავშირის გადადება ყველა ჩვენგანის მარცხია, ყველა ჩვენგანის მარცხია ჩვენი შვილების ნათელი მომავლის უსასრულოდ გადავადება, ჩვენი ისტორიული წინაპრების მარცხია ივანიშვილი ამ მიწაზე და მიტაცებული საქართველოს ხელისუფლება. ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა და მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი. რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ. ახლა მოვიდა ამისი დრო, იმიტომ რომ მთავარია - საქართველო ივანიშვილის გარეშე!
ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველას. სასამართლოს დარბაზში, სადაც ხვალიდან განახლდება ეს უთანასწორო ბრძოლა, ქუჩებსა და ტელევიზიებში, სადაც მიგვიშვებენ და სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი; მცირეც, დიდიც, მნიშვნელოვანიც და ნაკლებად მნიშვნელოვანიც. გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნოთ. ამისთვის უნდა ვიყოთ მაგრები და ვიაროთ წინ, უკან მოუხედავად, ვიყოთ ბევრნი, გავავსოთ ყველა სივრცე, დავიკავოთ ქუჩები და მოედნები, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რადგან დავუბრუნდები მთავარს, ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია - საქართველო ივანიშვილის გარეშე!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

























