ლევან ცუცქირიძე - მინდა მოგიწოდოთ, რომ ამოუდგეთ პარტიებს გვერდში, რადგან პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა - ნუ აჰყვებით პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია

ლევან ცუცქირიძე - მინდა მოგიწოდოთ, რომ ამოუდგეთ პარტიებს გვერდში, რადგან პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა - ნუ აჰყვებით პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ მიმდინარე დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა ინიციატივას შესთავაზებს საზოგადოებას და მასში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, 28 ნოემბერს კიდევ უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება.

„მე აქ ვარ იმის მიუხედავად, რომ ეს სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე არ ეხება დღეს და ახლა კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, „თავისუფლების მოედანს”, მაგრამ მე და ჩემი თანამებრძოლები აქ ვართ მაინც, იმიტომ, რომ როდესაც ვხდებით მოწმეები დანაშაულისა საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, მრავალპარტიულობის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც უნდა ამოვიღოთ ხმა, მაინც უნდა შევიკრიბოთ იმის მიუხედავად, კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიასა თუ პოლიტიკოსს ეს ამ მომენტში ეხება თუ არა.

მე აქ ვარ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ახლა ცდილობს, ოფიციალურად წაგვართვას ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობამ მოიპოვა. ახლა ესენი ოფიციალურად გვიცხადებენ იმას, რომ დღეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა უნდა დამყარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების კულტი უნდა დამყარდეს და საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, ღირსეული, ამაყი ხალხის ნაცვლად მორჩილ, მდუმარე ბრბოდ უნდა იქცეს.

ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ, როგორც კიდევ ერთი დიდი, რუსული ბლოკ-პოსტი ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ღირსების, ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ. უნდა გადავლახოთ, უნდა დავამარცხოთ და ეს სახელმწიფო უნდა დავუბრუნოთ ხალხს.

პროტესტი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. პროტესტი არის ის საფუძველი, რაზეც ჩვენი წინააღმდეგობა დგას, მაგრამ ის არ არის საკმარისი. უახლოეს ხანებში ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო უკეთესი პოლიტიკური ორგანიზება, პოლიტიკური დისციპლინა და ბევრად უკეთესი ნდობა ერთმანეთის.

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება უშეცდომოები არიან, არავინაა უშეცდომო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა.

დემოკრატიას ვერ მოვიპოვებთ, სახელმწიფოს ვერ დავიბრუნებთ პოლიტიკური ორგანიზების გარეშე. გვერდში დაუდექით და გახდით მათი წევრები, მათი შემომწირველები, მათი მხარდამჭერები, მათი სიტყვის გამავრცელებლები. ნუ აჰყვებით იმ ტყუილსა და პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია. ყველა პარტიაში ნახავთ ღირსეულ ადამიანებს.

28 ნოემბერს კიდევ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ. იმ დღეს, როდესაც ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ საქართველო წყვეტს ჩვენი ოფიციალური არჩევანის გზით სიარულს.

რატომ აუქმებენ პარტიებს, რატომ აპატიმრებენ ადამიანებს, რატომ ძალადობენ ახალგაზრდებზე, რატომ ხურავენ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს? იმისათვის, რომ წაგვართვან სახელმწიფოებრიობა, წაგვართვან ჩვენი თავი, ჩვენი თვითმყოფადობა და გადაგვიყვანონ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. მთელი ეს ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ შეიყვანონ რუსეთის სრულ კონტროლში.

ამ დღეებში ბევრი მოწოდება იქნება. ჩვენ, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა იდეებს, სხვადასხვა ინიციატივებს შემოგთავაზებთ და გთხოვთ, მიიღოთ ამაში მონაწილეობა. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ამდენი ხნის, ამდენი რეპრესიის მერე ისევ ბევრნი ვართ და თავისუფლებისთვის მებრძოლი სული ისევ ცოცხალია საქართველოში”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.