მიხეილ ყაველაშვილი - რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით

დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიის, ნათლობა მიიღო. მართლა უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვენთაგანში, ხარობს ჩვენი ერი და მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, პატივცემულო სასულიერო პირებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო საზოგადოებავ, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემოაჭარლებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს და მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. დღეს არის ზეიმით აღსავსე ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიის, ნათლობა მიიღო და მართლა უდიდესი ზეიმია თითოეულ ჩვეთაგანში, ხარობს ჩვენი ერი და მთელი ქვეყანა. სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა. სწორედ აქ იყო ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერ პირველად ქადაგება ქრისტიანული სარწმუნოებისა და სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, ღირებულებებისა, რომელთაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების. ჩვენ ეს აღვნიშნეთ მთელმა ერმა და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის.
საქართველო არის მთლიანი, ერთიანი სხეული. ყველამ ვიცით ჩვენი ისტორია, როგორი გამოწვევებით აღსავსეა, რამდენი წმინდანი გვყავს, რამდენი გმირი გვყავს და არ ვეგუებოდით არასდროს არც ჩვენი მიწის, არც ჩვენი იდენტობის, არც ჩვენი სარწმუნოების, არც ჩვენი ტრადიციების უხეშად მოპყრობას მომხდურისგან. ეს არის ჩვენი რაობა, არსი, თუ ვინ ვართ ჩვენ, რას წარმოვადგენთ და რანი უნდა ვიყოთ მომავალში.
უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლა უნიკალურ მხარეში. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ზემოაჭარლების მიმართ, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა და სამშობლოსადმი სიყვარული. დავესესხები ჩვენს უწმინდესს, რომ გზა, რომელიც მთელმა საქართველომ გაიარა, სწორედ აქ, ჩვენს ზემოაჭარლებთან ერთად უნდა გაიაროს მთელმა საქართველომ, გზა უფლისკენ, და ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი.
ჩვენ გვყავს უდიდესი სარწმუნოების მქონე ერი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გვასწავლა უნიკალური სიბრძნე, რომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტეს ჯარისკაცები უფლის საფარქვეშ. დავესესხებით ჩვენს უწმინდესს, რაც უფრო ახლოს ვიქნებით უფალთან, მით უფრო მეტ გამოწვევას გავუმკლავდებით. ეს არის ჩვენი ისტორიის, მთელი არსებობის გამოცდილება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

























