ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და 2 300-მდე თავდასხმითი დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურად, ამ სასტიკ თავდასხმებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
ზელენსკის ინფორმაციით, ღამით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. მისივე თქმით, ვინიცაში რუსულმა დრონმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა; დაშავდა ექვსი ადამიანი. ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში რუსებმა ჯერ სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტს დაარტყეს, შემდეგ კი დარტყმა მიაყენეს ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ, ღამით ასევე განხორციელდა თავდასხმები თბოელექტროსადგურზე, ქვესადგურებზე, მარცვლეულის საცავებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საფოსტო-ლოგისტიკურ ცენტრზე. ნგრევა და დაზიანებები ცხრა რეგიონში დაფიქსირდა.
„აი, როგორ პასუხობს რუსეთი დიპლომატიასა და დეიზოლაციას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად არ შემცირდეს მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ადამიანთა სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ევროპის ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის რაკეტების მოწოდების განბლოკვა. უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა, რათა თავი დავიცვათ რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედებისგან“. თავდაცვის თითოეული ასეთი პაკეტი, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სიცოცხლეების გადარჩენას უწყობს ხელს“, - წერს ზელენსკი.

























