ნიკა გვარამია - პროტესტის ახალი ტალღა - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - უნდა დაიწყოს დღეს, სულ უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს

პროტესტის ახალი ტალღა - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
მისი თქმით, „პარტიებს აკრძალავენ, თუმცა ამან ოპოზიცია კი არ უნდა გააჩეროს, არამედ უფრო უნდა გააძლიეროს“.
„ვფიქრობ, დღეს, მოპარული არჩევნების ორი წლის თავზე (26 ოქტომბერია ხვალ, თუმცა ორშაბათი), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრნი შევიკრიბოთ თსუ-ს პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე.
პროტესტის ახალი ტალღა - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს.
პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! მხოლოდ კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო!
ამიტომ, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავი!
და სულ უნდა გვახსოვდეს: ქარი სანთელს აქრობს, კოცონს კი - აღვივებს! სუსტი ცეცხლი მის ძალასთან უძლურია, ძლიერი ცეცხლი კი, პირიქით, სათავისოდ იყენებს და ძლიერდება!
ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს, 7-ზე, თსუ-სთან!“-წერს გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება. „ოპოზიციის ალიანსის“ ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და დაიწყებენ ერთობლივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში.

























