სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დასავლური მედია წერს, რომ საარჩევნო პროცესი აღიქმება, როგორც დაპირისპირება ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და სტუდენტურ მოძრაობა „სტუდენტურ სიას“ შორის, რომლის წევრებიც თითქმის ორი წლის განმავლობაში ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
ქვეყნის 250-წევრიან პარლამენტში მოსახვედრად არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს.
მიიჩნევა, რომ მთავარ კონკურენტებს - „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და „სტუდენტურ სიას“ - ამომრჩეველთა მხარდაჭერის თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ, რაც კვირას დაგეგმილ არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე არაპროგნოზირებად არჩევნებად აქცევს. მოსალოდნელია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რამაც შესაძლოა, მცირე პარტიების უმეტესობას ხელი შეუშალოს, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 3-პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.
ალექსანდრ ვუჩიჩი უკვე ათ წელზე მეტია სერბეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დომინირებს - იქნება ეს პრემიერ-მინისტრის თუ პრეზიდენტის რანგში. მან გასულ თვეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ვუჩიჩმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრის მიზნით.
დასავლური მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე სერიოზული საარჩევნო გამოწვევა, რომლის წინაშეც მისი პარტია 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგარა.

























