საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 1 000-მდე ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში, საპროტესტო აქციების დროს, რომელშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, 1 000-მდე ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, შაბათს გამართულ აქციებს მოგვიანებით რამდენიმე ადგილას შეტაკებებიც მოჰყვა.
პოლიციამ პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მარსელში აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იმ ხალხის დასაშლელად, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ აქციებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე იყო შეკრებილი.
ამასთან BBC-ი წერს, რომ მომხდარი არეულობის მიუხედავად, ხელისუფლება, ჯერჯერობით, ახერხებს, თავიდან აიცილოს ისეთი მასშტაბის არეულობა და ძარცვა, როგორიც გასულ შაბათ-კვირას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შაბათის საპროტესტო აქციებში, სავარაუდო შეფასებით, 410 000 ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირების ინფორმაციით კი, მომიტინგეთა რაოდენობამ დაახლოებით 800 000 შეადგინა.
წესრიგის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ აქციები ქაოსში არ გადაზრდილიყო, დაახლოებით 70 000 პოლიციელი იყო მობილიზებული. რამდენიმე ქალაქში შეზღუდვებიც დაწესდა.

























