დაკავებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი - სამართალდამცველებს ჩხრეკისას უკანონო არაფერი ამოუღიათ, დავითი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, მაგრამ რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, სამართალდამცველებს ჩხრეკისას “უკანონო არაფერი ამოუღიათ”.
ამასთან, როგორც ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დავით ფეიქრიშვილი ძალადობის მუხლით არის დაკავებული, ხოლო რას ედავებიან გიორგი ფეიქრიშვილს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
“დაკავებულებისთვის პროკურატურას ჯერ ბრალი არ წაუყენებია და არც საქმის მასალები გადმოუციათ”, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, წუხელ, თბილისში, ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს. ძმები კრიმინალურ წრეებთან არიან დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

























