ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა უკრაინის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ტელეფონით ისაუბრეს და უკრაინის საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საუბრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული სფეროები და მათი განვითარების გზები, ასევე განიხილეს უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით გაწეული ძალისხმევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთის პრინცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეფოს სურვილი, მხარი დაუჭიროს ყველა კარგ ინიციატივას დიალოგის გასაადვილებლად და ყველაფერს, რაც „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევამდე“ მიდის.

SPA-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს ამ მიმართულებით გაწეული კონსტრუქციული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.