საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 350-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის 350-მდე წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი „ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით: თბილისში, რუსთავში, გორში, კასპში, თეთრიწყაროში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ზუგდიდში, ამბროლაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში მოეწყო.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარი მიზანია მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში, ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტებს ინკლუზიური ტურისტული პროდუქტის განვითარების მიმართულებით ვაკეთებთ. აღნიშნული სასწავლო კურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად დატვირთულ ადგილებში განხორციელდა და ჩვენ ჯამში 350-მდე მონაწილე გადავამზადეთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ კურსთან მიმართებით კერძო სექტორის ინტერესი საკმაოდ მაღალია“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

უწყების თქმით, გადამზადების კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებისათვისა და გიდებისათვის გაიმართა.

„ძალიან საინტერესო და ინფორმაციულ ტრენინგს ინკლუზიური ტურიზმის შესახებ დავესწარით, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაციებია და სწორედ, ამის გაცნობა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა. ამ საკითხებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ტურისტული განთავსების ობიექტებისთვის, ტურისტული სააგენტოებისთვის. როგორც სასტუმროს წარმომადგენლები ფეხს ვუწყობთ დღევანდელ სტანდარტებს და მაქსიმალურად ვცდილობთ აღნიშნული მითითებები დავიცვათ, რაც მოცემული ტრენინგზე იყო“,- განაცხადა ტრენინგის მონაწილემ, სასტუმრო “ქლოქს ჰოტელ თბილისის“ წარმომადგენელმა ანა მიქაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ტრენინგებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“ უძღვებოდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ დამსწრეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატები გადაეცათ.