ილიაუნის პროფესორები „დაუსაბუთებელი ბრალდებების” შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რექტორზე თავდასხმისთვის გამოყენებულია 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც სამართლებრივი კავშირი არ აქვს მის სტატუსთან

ილიაუნის პროფესორები „დაუსაბუთებელი ბრალდებების” შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რექტორზე თავდასხმისთვის გამოყენებულია 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც სამართლებრივი კავშირი არ აქვს მის სტატუსთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მედიით გავრცელებული „დაუსაბუთებელი ბრალდებების” შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებების სერიას.

მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში - "იმედი", "პოსტ ტივი" და "რუსთავი 2" - თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.

ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში გასული სიუჟეტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის”, - ნათქვამია უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებაში.