„თეგეტა ჰოლდინგი“ კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

„თეგეტა ჰოლდინგი“ კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

ბიზნეს კონკურსის, Meliora 2022-ის კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა, სადაც ის პროექტით „თეგეტა გარემოსთვის“ მონაწილეობდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართული კონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ნათიკა ბერძულის განცხადებით, „თეგეტასათვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს ჯილდო სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

„ძალიან სასიხარულო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის. „თეგეტასათვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეტიც, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. სიამოვნებით ჩავერთეთ კონკურსში და მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურის საუკეთესო შეფასება დავიმსახურეთ, როგორც მსხვილმა კომპანიამ. ვიმედოვნებთ, სხვა ბიზნესებისთვისაც შევძლებთ მაგალითის მიცემას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და კონკურსში ჩართულ პირებს „თეგეტას“ პროექტებით დაინტერესებისა და ჯილდოსთვის“.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მიზანი საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაციაა. Meliora-ს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მონაწილე ჰყავს. წელს კონკურსში, სულ, 60 კომპანია ჩაერთო, ჯამში, 80 პროექტით.

ჰოლდინგი თავისი საქმიანობიდან მიღებულ ნარჩენებს ეფექტიანად მართავს. ამ მიზნით შეიქმნა თეგეტას შემადგენლობაში ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავისა და აკუმულატორის შეგროვებას და აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვის მქონე კომპანიებისთვის გადაცემას.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მწვანე ოფისის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. ოფისებსა და სერვისცენტრებში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებას უზრუნველყოფს და პარტნიორ საწარმოებს აბარებს. ჰოლდინგი, რომელიც ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს. ეს, პირველ რიგში, მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის კომპონენტს გულისხმობს.

ამასთანავე, თეგეტა, შვილობილ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს ელექტრომობილების - გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი ავტომობილების პოპულარიზაციას და მომხმარებელს მასზე მორგებულ შესაბამის ინფრასტრუქტურას სთავაზობს. ამ პროექტების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და „თეგეტა ჰოლდინგი“ კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ გამარჯვებულად დაასახელა. დაჯილდოების ღონისძიებას კი 250 სტუმარი ესწრებოდა მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, როგორც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორმა ეკა ურუშაძემ განაცხადა, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ბიზნესკომპანიებს ეხმარება, თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები უფრო მეტად განავითარონ.

„კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესკომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნესკომპანიებს, უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას“, - აღნიშნა ეკა ურუშაძემ.