სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანის პრეზიდენტი კვლავ ემუქრება სომხეთის რესპუბლიკას ძალის გამოყენებით, ხოლო მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას - ეთნიკური წმენდით

აზერბაიჯანის პრეზიდენტი კვლავ ემუქრება სომხეთის რესპუბლიკას ძალის გამოყენებით, ხოლო მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას - ეთნიკური წმენდით, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პარტნიორი, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობითა და სტაბილურობით, ვალდებულია გამოვიდეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასებებით.
„სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ 28 მაისს გაკეთებულ მორიგ მეომრულ განცხადებებზე, რომლებიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკისა და საერთაშორისო პარტნიორების რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევის შერყევაზე.
გაეროს წესდების, 2022 წლის 31 ოქტომბრის სოჭის სამმხრივ განცხადებით აღებული ძალის გამოყენების ან ძალის მუქარისგან თავის შეკავების წერილობითი ვალდებულების, სხვა პლატფორმებზე არაერთხელ აღებულ მსგავსი სიტყვიერი ვალდებულებების, ასევე ორმხრივი ურთიერთობების რეგულირების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კვლავ ემუქრება სომხეთის რესპუბლიკას ძალის გამოყენებით, ხოლო მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას - ეთნიკური წმენდით.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა აგრძელებს როგორც ადრე მიღწეული შეთანხმებების დარღვევას და იგნორირებას, მათ შორის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამას მოწმობს პრეზიდენტი ალიევის სიტყვები, რომ ლაჩინის დერეფნის კონტროლით აზერბაიჯანმა შეარყია მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირი. მეტიც, იმავე კონტექსტში, აზერბაიჯანი ღიად იმუქრება ეთნიკური წმენდით, თუ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ლაჩინის დერეფნის გადაკეტვისგან „გაკვეთილს არ ისწავლიან“.
სამწუხაროდ, მიღწეული შეთანხმებებისა და აღებული ვალდებულებების დარღვევა ამით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან დიალოგის დაწყების ნაცვლად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მათ შურისძიებითა და სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.
ამავდროულად, ირკვევა, რომ აზერბაიჯანს არ სურს არსებული პრობლემების მოგვარება, არამედ სურს „არ არიან სომხები მთიან ყარაბაღში, არ არის მთიანი ყარაბაღის პრობლემაც“ პრინციპით წინსვლა. მოქმედების ასეთი ხასიათი ასევე ეწინააღმდეგება მიმდინარე მოლაპარაკებების ლოგიკას, მათ შორის საშუამავლო მისიის შემსრულებელი აქტორების მოგვარების შესახებ მიდგომებს.
უდავოა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება არ შეიძლება განიმარტოს, როგორც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელების უფლებამოსილება. სომხეთის რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის საშუამავლო მისიის შემსრულებელი აქტორების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავისი განცხადებით ამზადებს ნიადაგს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ქმედებისა და მათ სამშობლოში თავისუფლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრების უფლების ჩამორთმევისთვის.
ყურადსაღებია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მიმართ არა მხოლოდ გენოციდურ მუქარას ახმოვანებს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ფაქტობრივად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას გამოწვევას უცხადებს, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ახალი ტერიტორიების ძალის გამოყენებით ოკუპირების მუქარით. უფრო მეტიც, ხაზი ესმევა იმას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობაც კი ვერ შეაჩერებს აზერბაიჯანის მისწრაფებას დააკმაყოფილოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ.
სომხეთი მტკიცედ დგას რეგიონში მშვიდობის დამყარების თავის არჩეულ გზაზე.
სამწუხაროდ, როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის აგრესიული რიტორიკიდან და ქმედებებიდან ჩანს, ეს სახელმწიფო პრობლემების გადაწყვეტას ხედავს არა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით ალმა-ატას დეკლარაციაში განსაზღვრული საზღვრებით და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვით, არამედ მუქარითა და სამხედრო ძალის გამოყენების გზით.
მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ყველა პარტნიორი, რომელიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობითა და სტაბილურობით, ვალდებულია გამოვიდეს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასებებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

























