„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგებას ითხოვენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგებას ითხოვენ.
როგორც პარტიის წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, მუნიციპალური ავტობუსები საკმარისი არ არის და ტურისტულ ქალაქში დისკომფორტია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანისა და ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის საკრებულოს წინაშე წარსდგომას სთხოვს. რეზო ხარაზის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით ოპოზიციას შეკითხვები აქვს.
„ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისათვის ასევე ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის და ეფექტური მომსახურების განხორციელება უნდა უზრუნველყოს მერიამ და შესაბამისმა სამსახურმა. წლების განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით ბათუმში შეიქმნა ახალი მუნიციპალური ავტოპარკი, თუმცა ეს სავსებით არ არის საკმარისი, რადგან მოქალაქეებისათვის ახალ ავტობუსებთან ერთად მნიშვნელოვანია სხვა მნიშვნელოვანი სერვისის მიღებაც რასაც ვერ იღებენ. ამ ყველაფერზე ჩვენ გვჭირდება პასუხები. შესაბამისად ბათუმის საკრებულო ვალდებულია დაიბაროს მერი, ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელობა და მოვითხოვოთ რატომ ვერ გვარდება აღნიშნული პრობლემები და წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებს აღნიშნული საკითხის მოკლე დროში მოგვარებას”,- აღნიშნა რეზო ხარაზმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ნოდარ გათენაძე ამბობს, რომ ბათუმში ავტობუსის გაჩერებები, საპარკინგე ზოლად არის მოწყობილი, ასევე ნაგვის ურნებია განთავსებული, რაც განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებაში ხელს უშლის.
„ბათუმის მერიის არაეფექტური მართვის გამო დღეს ქალაქის დიდ ნაწილში საერთოდ არ არსებობს, ხოლო ნაწილში კი მოუწესრიგებელია გაჩერებები, რაც ადამიანებს უქმნის დისკომფორტს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმიან ამინდში სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ავტობუსის გაჩერებების უმრავლესობა დაკავებულია სანაგვე ურნებით, ასევე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკინგადაა ქცეული, რაზეც შესაბამისი სამსახურები არ რეაგირებენ. კრიტიკას ვერ უძლებს ე.წ კონტროლიორების სისტემა, რომელიც საპოლიციო სამსახურადაა გადაქცეული”,- განაცხადა მან.

























