ლევან სილაგავა - პურის მწარმოებლები მიიღებენ ფქვილს იმ ფასად, რომ პური არ გაძვირდეს და ხორბლის მწარმოებლები მიიღებენ გარანტიას, რომ მინიმუმ, თვითღირებულების ფასად ჩააბარებენ გასული წლის ხორბალს წისქვილკომბინატებს

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილის იმპორტის გადასახადის დაწესებას სამმხრივი ეფექტი აქვს და ფქვილისა და ხორბლის იმპორტს კონკურენციის სწორ პირობებში აქცევს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სილაგავამ განუცხადა, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთ ტონა ფქვილზე გადასახადი, სავარაუდოდ, 200 ლარი იქნება.
„პირველი ეფექტი არის ის, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდებიან. ეს არის დამაბალანსებელი გადასახადი, რომელიც ხელოვნურად იყო დაწესებული ხორბალზე და არ იყო ფქვილზე. ახლა გათანაბრდა ეს გადასახადები და კონკურენციის სწორ პირობებში მოექცა წისქვილების მუშაობაც და ფქვილის იმპორტიც. წისქვილებმა აიღეს პასუხისმგებლობა პურის ფასის არ გაძვირებასთან მიმართებით ანუ პურის მწარმოებლებს მიაწვდიან ფიქსირებულ ფასად პირველი ხარისხის ფქვილს, პური რომ არ გაძვირდეს. ეს არის ჩვენი, წისქვილკომბინატების ვალდებულება. შესაბამისად, ასევე, ვალდებულებაა, რომ ფაქტობრივად ხარისხის შესაბამისად ქართული ხორბალიც ჩაიბარონ წისქვილკომბინატებმა, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევა იყო დღეს ბაზარზე. ქართული ხორბალი წინა სეზონიდან დარჩენილი აქვთ ფერმერებს და ისინი ვერ ათავისუფლებდნენ შესანახ მეურნეობებს ახალი ხორბლის მისაღებად. ეს არის სამი ინდუსტრიის ბალანსი. პურის მწარმოებლები მიიღებენ ფქვილს იმ ფასად, რომ პური არ გაძვირდეს და ხორბლის მწარმოებლები მიიღებენ გარანტიას, რომ მინიმუმ, თვითღირებულების ფასად ჩააბარებენ გასული წლის ხორბალს წისქვილკომბინატებს. ასევე, მოტივაცია ექნებათ უკვე ახალი ხორბლის მოსავლის აღების და შემდგომ დათესვის, რაც გადის სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე“, - განაცხადა სილაგავამ.
მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ფქვილი იმიტომ ჯდებოდა უფრო ძვირი, რომ ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმი იყო სხვადასხვა. როგორც სილაგავამ აღნიშნა, ფქვილის იმპორტზე იყო ნულის ტოლი გადასახადი, ხოლო ხორბლის იმპორტზე იყო მცოცავი ბაჟი.
„ადგილობრივი ხორბალი არ არის იმ კატეგორიის, რომელიც შეიძლება ცალკე დაიფქვას, მისი შერევა ხდება. აუცილებელია იმპორტირებული ხორბლისა და ქართული ხორბლის მიქსი, შესაბამისი ხარისხის ფქვილის მისაღებად. თუ ვთქვათ მოხსნის რუსეთი გადასახადს, მაშინ აქედანაც მოიხსნება. ეს არის მექანიზმი, რომელიც ეფექტურად პასუხობს გარე გამოწვევებს. ეს არის მოქნილი მექანიზმი იმისთვის, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები შენარჩუნდეს ბაზარზე. სავარაუდოდ გადასახადი იქნება ერთ ტონაზე 200 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ მცურავი ბაჟი რუსეთიდან არის ყოველკვირეულად განახლებადი, რთული იქნებოდა მთავრობას დადგენილებაში ეცვალა გადასახადი ყოველკვირეულად, შესაბამისად, ჩარჩოდ არის აღებული 200 ლარი. ხუთი თვის განმავლობაში გადაიხედება ეს მოძრაობები. თუ ძალიან მკვეთრი გაუფასურება ან გაზრდა მოხდა, შეიძლება შეიცვალოს იმისთვის, რომ თანაბარი პირობები შენარჩუნდეს“, - განაცხადა სილაგავამ.

























