თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ კლავირის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია 29 მაისს, 20.00 საათზე ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, საღამო კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში კონსერვატორიის სოლო სიმღერის მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები მონაწილეობენ, შესრულდება ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
„საგამომცემლო პროექტი, რომელიც დიმიტრი არაყიშვილის ოპერის კლავირის ხელნაწერის გაციფრებას და გამოცემას მოიცავდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა განახორციელა. „თქმულება შოთა რუსთაველზე“ საოპერო კლავირების გამოცემათა სერიის მეორე ნაშრომია. პირველი გახლდათ მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ - პირველი ქართული ოპერა.
საგამომცემლო პროექტი განხორციელდა მეცენატ ფრედერიკ პოულსენისა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
გამოცემა მოიცავს ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, როგორც სანოტო მასალას, ისე კომპოზიტორისა და ნაწარმოების შესახებ ინფორმაციას, ფოტოებსა და ოპერის ერთადერთ, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 1966 წლის საარქივო ჩანაწერს.
გამოცემაზე მუშაობდნენ კონსერვატორიის პროფესორი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მარინა ქავთარაძე, მუსიკალური რედაქტორი გიორგი შავერზაშვილი და დიზაინერი მანანა გუნია. პროექტის სამუშაო გუნდის მენეჯერი - დავით გოგოლაშვილი. კლავირი დაიბეჭდა სტამბა „სეზანში“.
კლავირის გამოცემები გადაეცემა საქართველოში მოქმედ ყველა საოპერო თეატრს, ასევე უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებს, სახელოვნებო უწყებებს, მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, მუსიკალურ სკოლებს და არქივებს. გამოცემა მომღერლებს, კონცერტმაისტერებსა და დირიჟორებს ოპერაზე მუშაობისა და მისი შესწავლის საშუალებას მისცემს. ასევე, მოამზადებს დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ თეატრების რეპერტუარში დაბრუნების საფუძველს.
YTA UNION-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს საგამომცემლო პროექტებზე მუშაობას, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიზნით საქმიანობას გუნდთან, დონორებთან და პარტნიორებთან ერთად.
ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი გულწრფელ მადლობას უხდის პროექტის დონორებს და პარტნიორებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს დიმიტრი არაყიშვილის მემკვიდრეების მიმართ ნდობისა და საარქივო მასალების მიწოდებისათვის“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























