"ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაზე ევროკავშირის დროშის აღმართვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაზე ევროკავშირის დროშის აღმართვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, სამართალდამცავებმა ევროკავშირის დროშა ზურგს უკან დამალეს.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, "რუსული ოცნება" ევროკავშირის სიმბოლოებს ებრძვის. იგი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ქართველ ხალხს ემსახურონ და რუსულ ინტერესებს ქვეყანაში ნუ ატარებენ.
“დღეს აღლუმის დროს, დაყენებული ხმით გმირებზე გვესაუბრებოდნენ, ევროპაზე, დასავლეთზე, ამ დროს "რუსულმა ოცნებამ", ბიძინას მონებმა ლავროვის ქალიშვილის საწოლის დამცველებად გვიქცია პოლიცია.
ევროკავშირის დროშა სიმბოლურად მოვიტანეთ და ის ზურგს უკან დამალეს. მოვუწოდებთ მთავრობას და პოლიციას, ემსახურეთ საქართველოს.
ხალხმა ვიცით, სად არის უკეთესი მომავალი - ევროკავშირი და ნატო არის გარანტი ჩვენი ქვეყნის... სანამ ხალხს მოთმინება შერჩენია, ვუფრთხილდებით სახელმწიფო ინსტიტუტებს. ხელისუფლება დადგეს ხალხის გვერდით. ხალხის მომავალია ევროპაშია, თავისუფლება მიშას, რომელმაც ქვეყანას ევროპისკენ გაუხსნა გზა”, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

























