ქეთევან თურაზაშვილი - სასკოლო განათლების რეფორმა, რთული და გრძელვადიანი პროცესია, რასაც ათეული წელი შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ თუ არ დაიწყო, 10 წლის შემდეგაც იგივე გამოწვევების წინაშე ვიდგებით, რომლის წინაშეც დღეს ვართ

სასკოლო განათლების რეფორმა, ეს არის რთული და გრძელვადიანი პროცესი, რასაც ათეული წელი შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ თუ არ დაიწყო, 10 წლის შემდეგაც იგივე გამოწვევების წინაშე ვიდგებით, რომლის წინაშეც დღეს ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული საკომიტეტო პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
სოფიო გორგოძემ პარლამენტში დღეს 2023-2024 წლის ეროვნული გამოცდების სამზადისის შესახებ ისაუბრა და კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. ქეთევან თურაზაშვილმა რამდენიმე კითხვა დასვა, მათ შორის დაინტერესდა, რამ განაპირობა აბიტურიენტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, შეფასება კი მთავარ სისტემურ ხარვეზთან, აბიტურიენტების მომზადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩემი შეფასებით, დღეს თუ რაიმე გამართულად მუშაობს, არსებულ განათლების სისტემაში ეს არის მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცენტრი. კარგი იქნება, თუ განათლების ყველა სხვა ერთეული გახდება ისეთივე გამართული, როგორიც გამოცდების რესურს ცენტრია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სკოლები სადაც, ბავშვები 12 წლის განმავლობაში სწავლობენ, მაგრამ რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ აბარებენ სასურველ ფაკულტეტზე თუ უნივერსიტეტში, რაც თავის მხრივ დამატებით დროის კარგვას და უამრავი თანხის ხარჯვას უკავშირდება.
სასკოლო რეფორმა, ეს არის რთული და გრძელვადიანი პროცესი, რასაც ათეული წელი შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ თუ არ დაიწყო 10 წლის შემდეგაც იგივე გამოწვევების წინაშე ვიდგებით”, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
დეპუტატი აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას და ხარისხიანი განათლების მიღებას უსურვებს.

























