საგამოძიებო სამსახურს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სტუმრობდა

საგამოძიებო სამსახურს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სტუმრობდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, სარა რუპერტს უმასპინძლა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საგამოძიებო სამსახურისა და INL-ის მრავალწლიანი წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც სამსახურის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში კვალიფიკაცია აიმაღლონ, ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაიზიარონ და პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.

„შეხვედრაზე ყურადღება ასევე საგამოძიებო სამსახურის სისტემაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.

მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საგამოძიებო სამსახურის წინაშე არსებული პროფესიული თუ ტექნიკური საჭიროებები განიხილეს, ურთიერთთანამშრომლობის სფეროს გაფართოებისა და მიმდინარე გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვის თაობაზე მზაობა გამოხატეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.