ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის IV საერთაშორისო კვირეული დასრულდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის IV საერთაშორისო კვირეული დასრულდა.
ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთისა და პორტუგალიის უნივერსიტეტების პროფესორებმა ბსუ-ს სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებზე, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის საკითხებზე.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის და სერტიფიკატები გადასცა.
„კვირეული „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია ბსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























