რუსთავის მერია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს

რუსთავის მერია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA)-თან ერთად, პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცესის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ხელმძღვანელობით, სამოქალაქო სექტორისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, რუსთავის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი ხედვა, მიზნები და ამოცანები შემუშავდა, იდენტიფიცირდა პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები დაისახა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ჭალის ტყის ტერიტორიაც მოინახულეს და არსებული მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს.

„ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მონაწილეები იყვნენ, როგორც რუსთავის მერიის, ასევე სამინისტროსა და პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისები და მოქალაქეები. ამ პროცესში ჩვენ ვცდილობდით ფართო საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინებას, რაც შემდგომ სტრატეგიის დოკუმენტში, აღდგენისა და განვითარების გეგმაში აისახება. ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი გადაეცემა რუსთავის მერიას შემდგომი ნაბიჯების გადადგმისა და ჭალის ტყის განვითარების გეგმის განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მენეჯერმა ნათია ბერიძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო რუსთავის მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ინტერესები, პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის, რუსთავის მერიამ, სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტის - „მოქალაქეთა ასამბლეის“ ჩართულობის ამ ფორმის გამოყენების შედეგად, ჭალის ტყესთან დაკავშირებით, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა და სტრატეგიის მომზადების პროცესში მათი გამოყენება.

„რუსთავის მერიაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ თანამონაწილეობითი მიდგომით, აქტიურად ვმუშაობთ ჭალის ტყის აღდგენის სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, დამოკიდებულება ამ ტერიტორიების განვითარების მიმართ და ამის საფუძველზე მოვამზადოთ სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ამის შემდგომ უკვე შემუშავდება დეტალური დოკუმენტი ჭალის ტყის აღდგენის, რომელიც იქნება სახელმძღვანელო, როგორც მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ასევე იმ აქტიური ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიების განვითარებით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა გარემოს დაცვის ექსპერტმა კახა ბახტაძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარე ჭალის ტყეს, რომლის ფართობი 320 ჰექტარია 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, სერიოზული ზიანი მიადგა.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭალის ტყე გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა არ არსებობდა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია, შესაბამისად, ეს სივრცე ნაკლებადაა ათვისებული და რუსთავის მოსახლეობა მას, ფაქტობრივად, ვერ იყენებს. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტს ექნება ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 320 ჰექტარი ტერიტორიისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული 160 ჰექტარი სივრცისთვის დეტალური განაშენიანების გეგმა შეიქმნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.