კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ ამრტიოტში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის - „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური ფილმების ციკლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლის იუბილეს მიუძღვნა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, 28 დამოუკიდებელი ფილმი ქმნის ციკლს, რომელიც თანმიმდევრულად მოგვითხრობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

პროექტის მიზანია, ფართო აუდიტორიას, შეძლებისამებრ, დეტალურად გააცნოს სიცოცხლეშივე ერის მამად აღიარებული საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქვეყნის წინაშე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, პროექტზე მუშაობა უნივერსიტეტში რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა უნივერსიტეტში ძალიან დაძაბული, შრომატევადი მუშაობა ამ პროექტზე. 28 - სერიანი ფილმი შევქმენით. ადრე მთავარი იყო, რომ შექმნილიყო ნაწარმოები რომანის სახით, ახლა ყველაფერი აუდიო ვიზუალზეა გადასული და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ შევძელით და ეს დოკუმენტური ფილმი შევქმენით. გულანთებული ქართველისთვის იქნება ძალიან სასიამოვნო და გასაგები ფილმის ნახვა“, - განაცხადა მან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ სტუდენტებიც.

„მეშვიდე წელი დაიწყო, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. საგულისხმოა ის, რომ პროექტის მუშაობაში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, მულტიმედია ცენტრის თანამშრომლები, არამედ ჩვენივე უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „დიგიტალიზაციის“ ეპოქაში წიგნთან ერთად, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს სჭირდებათ დასურათხატებული ინფორმაციის მიღება და დინამიკური კადრები“, - აღნიშნა ნინო ჯალაგანიძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმების ციკლის ძირითადი ლიტერატურული წყაროა ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის გურამ შარაძის სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი - „ილია ჭავჭავაძე. ცხოვრება. მოღვაწეობა. შემოქმედება“.

ნაშრომისთვის ავტორს 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში თავმოყრილია ის საარქივო მასალა, რომელიც საბჭოთა ცენზურის პირობებში მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. აქვე გამოყენებულია მომდევნო პერიოდის კვლევითი ნაშრომები.