ლევან ბეჟაშვილი - აქცია ყვარელში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ღამეც დავრჩებით

ლევან ბეჟაშვილი - აქცია ყვარელში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ღამეც დავრჩებით

ბუნებრივია, ყვარელში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება [აქცია]. ღამეც დავრჩებით, იმიტომ, რომ ადამიანებმა, სანქცირებულმა რუსეთის მოქალაქეებმა, ლავროვის ოჯახის წევრებმა უნდა იგრძნონ, რომ ამ ქვეყანას აქვს ღირსება, ამ საზოგადოებას აქვს ღირსება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გვახსოვს ის დაღვრილი სისხლი, რომელიც მათ [რუსების] მიერ არის საქართველოში დაღვრილი“.

„ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება ვერ შეეგუება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ვერ შეეგუება საქართველოს რუსეთის „დაჩად“ გადაქცევას და ამ საზოგადოებას ჰყავს ის წარმომადგენლები, ვინც ქართულ, ეროვნულ დროშას ყოველთვის დაიჭერენ ნებისმიერ ადგილზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრობის“ წევრის განცხადებით, ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ღირსება და დღეს ხალხი ამიტომ არის შეკრებილი.

„ამიტომ მოვუწოდებთ კახელებს, ახლომახლო რაიონებიდან, სოფლებიდან მოვიდნენ და ჩვენი ღირსების საქმე გავაკეთოთ. მოვუწოდებთ თბილისელებს, რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას ახდენს და ქვეყანას ხელიდან გვაცლის“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.