პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაწინაურდა

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაწინაურდა

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) პოზიტიური მშვიდობის ინდექსის 2023 წლის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 14 პოზიციით დაწინაურდა და 53-ე ადგილი დაიკავა.

ამასთან, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის შეფასებით, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა უზბეკეთთან, კოტ დ'ივუართან, ბუტანსა და სომხეთთან ერთად.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის განმარტებით, პოზიტიური მშვიდობა განისაზღვრება, როგორც დამოკიდებულებები, ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობიან საზოგადოებებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ის ფაქტორები, რომლებიც ქმნიან ხანგრძლივ მშვიდობას, ასევე იწვევენ ბევრ სხვა პოზიტიურ შედეგს, რომლისკენაც ისწრაფვიან საზოგადოებები.

„მაგალითად, პოზიტიური მშვიდობის მიხედვით უფრო მაღალი დონის მქონე ქვეყნები უფრო მდგრადები არიან, ასოცირდებიან მძლავრ და აყვავებულ ეკონომიკებთან, სარგებლობენ კეთილდღეობისა და ბედნიერების უფრო მაღალი დონით, აქვთ სოციალური კავშირის უფრო ძლიერი საზომები, ავლენენ უფრო მეტ კმაყოფილებას ცხოვრების სტანდარტებით და სხვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.