საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ.
„ისრაელის დელეგაციის წევრებმა შსს პოლიციის აკადემია მოინახულეს, აკადემიის ბაზა დაათვალიერეს და სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.
ასევე, სტუმრები ეწვივნენ სსიპ-საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112“-ს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.
დანაყოფებში სტუმრობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ისრაელის დელეგაციის წევრებს ადგილზე დეტალური ინფორმაცია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდეს.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისარმა, დელეგაციის წევრებთან ერთად პირველი შეხვედრა, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























