ჯანდაცვის მინისტრი - ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია

ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, 2022 წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა და 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეიქმნა, სადაც არასრულწლოვნები განთავსდნენ.
„აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას აგრძელებენ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად შშმ პირთა დიდი ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც მიმდინარეობს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას გულისხმობს და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. მისივე ინფორმაციით, ამჟამად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში.

























