ზურაბ აზარაშვილი - თურქული მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია, რაც მომხმარებლის შემცირებულ დანახარჯებსა და მკურნალობის ეფექტურობაზე აისახა - ხელმისაწვდომია 650-ზე მეტი დასახელების წამალი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია

იმ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ მსურს მოგახსენოთ, რაც 2022 წლიდან ფარმაცევტული რეგულირების გაუმჯობესებისა და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განვახორციელეთ. ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზით სახელმწიფომ მედიკამენტებზე მოსახლეობის მაღალი და მუდმივად ზრდადი დანახარჯების შეკავების მექანიზმი შექმნა.
„იმ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ მსურს მოგახსენოთ, რაც 2022 წლიდან ფარმაცევტული რეგულირების გაუმჯობესებისა და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განვახორციელეთ. ფარმაციის მიმართულებით განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედება. გასულ წელს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამ რეფორმის დანერგვის აუცილებლობაზე ვისაუბრე, დღეს კი შესაძლებლობა მაქვს, მისი შედეგები მოგახსენოთ.
მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების უდიდესი წილი ტრადიციულად სწორედ მედიკამენტებზე მოდიოდა. წამლის ფასი ძირითად შემთხვევებში იყო არაპროგნოზირებადი, მუდმივად ცვალებადი და ძირითადად სუბიექტურ ფაქტორებზე დამოკიდებული.
სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი.
მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა სახელმწიფო უწყების და განსაკუთრებით, კონკურენციის სააგენტოს მიმართ ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. დღეისათვის 1,600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გზით მოსახლეობამ, წლიურად 200 მილიონი ლარი დაზოგა.
„ამჟამად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 650-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და რაც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასების 60%-80%-მდე შემცირებაში გამოიხატა. თურქული მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია და ეს პირდაპირ ყოველი მომხმარებლის შემცირებულ დანახარჯებსა და მკურნალობის ეფექტურობაზე აისახა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

























