ტარიელ ნაკაიძე - ერთი კვირაა ბათუმი-ხელვაჩაურის მონაკვეთზე გზა დაკეტილია და მაგისტრალი პარალიზებულია

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ბათუმი-ხელვაჩაურის მონაკვეთზე გზის მონაკვეთზე სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება და კომპანია უპასუხისმგებლოდ ეკიდება და ხელისუფლებას ყურადღების გამახვილებას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ერთ წელზე მეტია ბათუმი-ხელვაჩაურის მონაკვეთზე გზა კეთდება ორ ხიდზე, რომელიც ჯამში 10 მეტრია. უკვე ერთი კვირაა ეს გზა დაკეტილია და პარალიზებულია მაგისტრალი, რომელიც აერთებს ქედას, შუახევს, ხულოს და ხელვაჩაურს. წარმოუდგენელია ისეთი მუშაობა, რომელიც ხელს უშლის გადაადგილებას. ადგილობრივი ხელისუფლება და ის კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს აწარმოებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს. მინდა ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ 2023 წელს ბათუმი-ზარზმის მონაკვეთზე გზის მშენებლობა დასრულდებოდა.
„ეს გზა სულ 47 კმ-ია. უკვე ათ წელზე მეტია ეს მონაკვეთი კეთდება და პრაქტიკულად გაკეთებული არაფერია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ამ გზის მშენებლობა დასრულდეს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

























