სტრასბურგში ქართველმა ემიგრანტებმა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსთან აქცია - „თავისუფლება მიშას” გამართეს

სტრასბურგში ქართველმა ემიგრანტებმა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსთან აქცია - „თავისუფლება მიშას” გამართეს

სტრასბურგში, ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნის აქციას ფრონტის წინა ხაზიდან სპეციალურად ჩასული ქართველი მებრძოლებიც შეუერთდნენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. პარტიის ინფორმაციით, მათ საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს, რათა მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

„მოვედით უკრაინიდან მე და ზურა ქაჯაია, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზიდან, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს მხარი დავუჭიროთ. ვთხოვთ, ყველას სრულიად საქართველოს, რომ გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ. არ შეიძლება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მთავარსარდალი, რომელიც გამართლებული არის ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინის მთავრობას დატყვევებული ჰყავდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში გადმოყვანილი იქნას ევროპის ქვეყანაში სამკურნალოდ. ჩვენთვის მთავარია ჰუმანიტარული საკითხი და ამ თხოვნით მივმართავთ სრულიად საქართველოს გაერთიანებისკენ,“ - განაცხადა რომეო ფარულავამ.

აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ არ შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა, გაატარა რეფორმები და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანა, დღეს „პუტინის პირადი პატიმარი“ იყოს.

„დღეს შევიკრიბეთ ისევ სტრასბურგში, ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება. ჩვენ გაერთიანება გვჭირდება, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გვჭირდება. უკრაინიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მებრძოლები, პატრიოტი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან და ერთი რამე არის ყველაზე მთავარი და ნათელი - საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ სააკაშვილი გადარჩეს. ერთი არის უპირობოდ გასაკეთებელი - გაერთიანება საზოგადოების, მოვუწოდებთ ოპოზიციის ყველა სპექტრს, ყველა ადამიანს, რომ გავერთიანდეთ!“ - განაცხადა აქციის მონაწილემ ბაჩო ბასარიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ზურაბ ქაჯაიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროპის ოჯახის კარი არ დაიხუროს, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა.

„საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ასაკის მიხედვით, მივმართავ, დედებო, მამებო, ძმებო, დებო, შვილებო, დღეს იწერება საქართველოს ისტორია, როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ღირსეულად, ასევე ჩვენც ღირსეულად უნდა ვიბრძოლოთ დღეს და შევიდეთ საქართველოს ისტორიაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის ევროპის კარი არ დაიხუროს, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა“, - განაცხადა ზურაბ ქაჯაიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გელა ხვადაგიანის განცხადებით, „ის, რომ დღეს ჩვენ პრეტენზია და ამბიცია გვაქვს იმის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა“.

„სტრასბურგში გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან ჩამოვედით, ასევე ჩამოვიდნენ სპეციალურად უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე. ის, რომ დღეს ჩვენ პრეტენზია და ამბიცია გვაქვს იმის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და ამ ადამიანმა აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გელა ხვადაგიანმა.