ნიკა ჩერქეზიშვილი - უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური დამოკიდებულებით იფლანგება ბიუჯეტის ფული და ბავშვები ზარალდებიან, ისინი შესაბამის განათლებას ვერ იღებენ

უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური დამოკიდებულებით იფლანგება ბიუჯეტის ფული და ბავშვები ზარალდებიან, ისინი შესაბამის განათლებას ვერ იღებენ, ამის შესახებ „ლელოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს.
როგორც ჩერქეზიშვილი ამბობს, განათლების სისტემაში პრობლემა კომპლექსური და მთელი ქვეყნის მასშტაბით ანალოგიურია.
„იმ გლობალური თემებისა და გამოწვევების პარალელურად, რომელიც სრულად იკავებს ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგს, არსებობს კიდევ უამრავი პრობლემა. ეს პრობლემები პირდაპირ ეხება ჩვენს ოჯახებს, შვილებს, მათ მომავალს და არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან. ამ მხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემა, რომელსაც უამრავი ხარვეზი აქვს და ვინც კომპლექსურად ამ მიმართულებით მუშაობს დამეთანხმება, ცალსახად სისტემურ გაუმართაობასთან გვაქვს საქმე. ამის ნათელი მაგალითია 147-ე საჯარო სკოლა, რომლის მშენებლობაზე ტენდერიც ჯერ კიდევ 2021 წელს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, საჯარიმო სანქციების გარეშე, ორჯერ გაუხანგრძლივეს სამუშაოების ჩაბარების პერიოდი, სამჯერ გაუზარდეს ხელშეკრულების ღირებულება, ჯამში 242 706 ლარით, მაგრამ სკოლის მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია. მხარეთა შორის ბოლო შეთანხმებით, სამუშაოების შესრულების ვადად 2023 წლის 30 აპრილი განისაზღვრა, მაგრამ ეს პირობაც დაირღვა. 147-ე სკოლის მოსწავლეები უკვე მესამე წელია დადიან სხვა სკოლაში და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების გარკვეული ნაწილი არის ონლაინ სწავლებაზე, 30 წუთიანი გაკვეთილებით. კიდევ როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. პასუხისმგებელი კი არავინაა. მსგავსი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური დამოკიდებულების გამო იფლანგება ბიუჯეტის ფული, ზარალდებიან ბავშვები და ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. თბილისის სკოლების მოძველებული შენობების რეაბილიტაცია რომ საჭირო და აუცილებელია ამაზე არავინ დავობს, მაგრამ როცა თითქმის 3 000 000 მილიონ ლარს ხარჯავ, გაცილებით ორგანიზებული და ოპერატიული უნდა იყო. როგორც ვთქვი, საქმე ეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას და მოსწავლეების განათლებას“, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

























