ფინანსთა მინისტრის მოადგილე - არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება - ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება

არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება-ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, კურსის ცვალებადობა ყოველთვის მოსალოდნელია.
„კურსი საკმაოდ გამყარებულია ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება, მათ შორის ჩვენს ექსპორტზე. ხელს უწყობს იმპორტის ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში კურსზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, გუშინ გარკვეული ამოვარდნა ჩანდა. როდესაც ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ. ეს ხელს უწყობს კურსის გამყარებას. თუმცა, თუ კურსი ზედმეტად გამყარდა, ეს იწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას...
ზოგადად, პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება. რა პროგნოზიც არის, როგორც ექსპორტის, იმპორტის და ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ კურსი წელს გამყარებული დარჩება. თუმცა, მნიშვნელოვანი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი არ იქნება“,- აღნიშნა კაკურიძემ.

























