მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - პოლონელ ექიმებზე კვლავ უძრაობაა - სამწუხაროდ, როგორც ევროპელები გვეუბნებიან, ისინი მწარედ მოატყუეს და ყველა ჯერზე აბსურდულ ახალ მოთხოვნას და კრიტერიუმს უწესებენ

პოლონელ ექიმებზე ჩვენ კვლავ უძრაობა გვაქვს - სამწუხაროდ, როგორც ევროპელები გვეუბნებიან, ისინი ძალიან მწარედ მოატყუეს და ყველა ჯერზე ძალიან აბსურდულ ახალ მოთხოვნას და კრიტერიუმს უწესებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით არ ჩამოდიან და ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე შეთანხმების ნაწილია.
„პოლონელ ექიმებზე ჩვენ კვლავ უძრაობა გვაქვს. ხელისუფლებამ ძალიან უხეშად მოიტყუა, როცა ჯერ შეეცადნენ, რომ ეთქვათ, საბუთები არ აქვთ წარმოდგენილიო და მერე, შეეცადნენ, ეს დაცვის მხარისთვის დაებრალებინათ, მაშინ, როცა დაცვის მხარე არაფერ შუაშია. ესენი არ არიან ექიმები, რომლებიც საქართველოში ჩვენი მოწვევით ჩამოდიან. პოლონელი ექიმები პოლიტიკურ დონეზე შეთანხმების ნაწილი იყვნენ და ხელისუფლებამ ჩვენგან მოითხოვა მხოლოდ თანხმობა იმაზე, რომ ექიმები შესულიყვნენ. ყველაფერი მივაწოდეთ, რაც ჩვენგან მოითხოვეს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ევროპელები გვეუბნებიან, ისინი ძალიან მწარედ მოატყუეს და ყველა ჯერზე ძალიან აბსურდულ ახალ მოთხოვნას და კრიტერიუმს უწესებენ,“ - აღნიშნა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვისთვის ერთადერთი ეფექტური გზა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
თუთბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დასაცავად, საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ეფექტური და რეალური ღონისძიების განხორციელება დაავალდებულოს.
„ჩვენთვის მთავარი არის, რომ გამოინახოს ეფექტური გზა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამ ეტაპზე მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა არის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასაბუთება და არგუმენტები სტრასბურგისთვის იქნება დამაჯერებელი. შესაძლებელია, რომ სასამართლომ სხვაგვარად ჩათვალოს, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ იმსჯელოს და ხელისუფლება დაავალდებულოს რაიმე ტიპის ეფექტური, შედეგიანი, რეალური ღონისძიების განხორციელებაში,“ - აღნიშნა უფლებადამცველმა.
შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარემ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიები წარადგინა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა ძალიან მკაფიოდ ჩანს.
თუთბერიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უარესდება.
„წარვადგინეთ სამედიცინო ისტორიების ჩანაწერები, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს დინამიკა. იქ ძალიან კარგად ჩანს საით მიდის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის ცვლილება თუ არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივია, უარესდება. ბუნებრივია, უარესდება და რეგრესირებს სტაბილურად, თუმცა შეიძლება არა რადიკალურად. ფაქტი არის ის, რომ თუ სააკაშვილს ერთი წლის წინ, მაგალითად, რომელიღაც ორგანოს გათიშვის რისკი ისეთივე ჰქონდა, როგორიც მე და თქვენ გვაქვს, დღეს მას ეს რისკი 30-40-ჯერ გაზრდილი აქვს,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

























