11 მაისიდან პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო

11 მაისიდან პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო

პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველები რეგისტრაციას 11 მაისის 10:00 საათიდან 22 მაისის 18:00 საათამდე შეძლებენ.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 24 მაისს ჩატარდება.

„ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „სერტუსი“ 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაისის თვიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროექტის განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი ტესტირება. გარდა მაისის თვეში დაგეგმილი ტესტირების თარიღისა, ცნობილია მომდევნო ტესტირებების თარიღებიც - გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. თითოეულისათვის რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.

„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციაც, ტესტირებაცა და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს თანამედროვე შეფასების მეთოდოლოგიის სტანდარტებს და შეესაბამება როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ისე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.