„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სემეკთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სემეკთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეები სემეკს მოუწოდებენ, კომუნალური ტარიფები დოლარის კურსის შესაბამისად შემცირდეს. მათივე თქმით, ცვლილება როგორც დენის, ასევე წყლის და გაზის გადასახადზე უნდა აისახოს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ხალხის მძარცველები“, „2012- 11 თეთრი, 2023 - 18 თეთრი“, „2,3$ ზევით ტარიფი იზრდება, 2,5$-ს ქვევით არ იკლებს“, „გააძვირეს ტარიფები, ხალხის მძარცველები!“

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ, რომ ეს საკითხი პარლამენტში გააჟღერონ.

„მნიშვნელოვანია, რომ ტარიფები შემცირდეს. ნაცვლად იმისა, რომ „რუსულ ოცნებას” დანაპირები შეესრულებინა და გაენახევრებინათ ელექტროენერგიის საფასური, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება. აგრეთვე, დოლარის კურსი ქვემოთ იწევს, შესაბამისად, დაპირების მიხედვით ტარიფების დაწევა უნდა მოხდეს.

საპარლამენტო დონეზეც კონკრეტული ინიციატივების გაჟღერებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, აქციებს ვგეგმავთ და ასევე, ამ კვირაში სმეკში წერილსაც შევიტანთ. ეს არ არის პარტიული მოთხოვნა, ეს ყველას ეხება”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.