გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 8 მაისს აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე

გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 8 მაისს აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე

რუსეთთან დაკავშირებულ „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ის უნდა, რაც კავშირია რუსეთის ფედერაციასთან. მათ უნდათ, რომ პუტინთან ერთად 9 მაისს აღნიშნონ [ფაშიზმზე გამარჯვების დღე]. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში ფართო დისკუსია უნდა წარიმართოს, რომ სწორედ იმ დიდი წვლილის გამო, რომელიც ქართველმა გმირებმა სიცოცხლის ფასად ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დადეს, ევროკავშირთან ერთად აღინიშნებოდეს ეს დღე, როგორც ღირსეული ევროპელები და ღირსეული წევრები ნატო-სა და ევროკავშირის უკვე მომავალში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო.

გიორგი ვაშაძის თქმით, ერთი წლის წინ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის შინაარსია ის, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს, ევროკავშირთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღინიშნოს.

„ასობით ათასი ქართველი შეეწირა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სწორედ 8 მაისს ჩაეყარა საფუძველი იმ ევროკავშირს და ნატო-ს, რომლის წევრობა გვინდა, რომელმაც მთლიანად ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა შექმნა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 8 მაისს აღვნიშნოთ, ხოლო 9 მაისი, ღიად ვთქვათ, ეს არის ფაშიზმის დღე, ეს არ არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს არის "რაშიზმთან" და ოკუპაციასთან დაკავშირებული დღე. საბჭოთა კავშირთან, რომელმაც ამ 45 წლის 8 მაისის შემდეგ კიდევ ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, საქართველო რუსული იმპერიის ქვეშ მოაქცია, ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს. დიდება გმირებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, რაც დღეს ევროკავშირი და ნატო ჰქვია. სწორედ ამიტომ, ჩვენ 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ ეს დღე და ამით უნდა ვცეთ პატივი იმ ქართველ გმირებს, რომლებმაც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს“- განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ხელისუფლება პირდაპირ რუსეთთან კავშირშია. ევროკავშირის დროშას ხევენ, უკრაინის დროშას ხევენ. ამ ადამიანების მხრიდან მე არ მინახავს რუსეთის დროშაზე ასეთივე პროტესტი. პირიქით, ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართველ პატრიოტებს სჯიან რუსების გამო და ეს საქმეები სასამართლოში მიდის. ეს არის რეალობა, რაც დღეს საქართველოში ხდება და ეს უსამართლობაა. ქართველი ხალხი საქართველოს დროშასთან ერთად პატივს სცემს ევროკავშირის, უკრაინის, ამერიკის და ყველა ჩვენი მოძმე, მეგობარი ქვეყნის დროშას და რაც არ უნდა პროვოკაციები გააკეთონ, საქართველოს ვერასდროს მოაქცევენ რუსულ ორბიტაზე"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.