ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ევროპის მოედანზე იმ პროექტების გამოფენას აწყობენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აჭარაში განხორციელდა

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ევროპის მოედანზე იმ პროექტების გამოფენას აწყობენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აჭარაში განხორციელდა

მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს!”- ამ მოწოდებით ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ევროპის მოედანზე იმ პროექტების გამოფენას აწყობენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აჭარაში განხორციელდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 19 წლის წინ რუსი ოლიგარქისგან გაათავისუფლა აჭარა და რომელიც, მისივე შეფასებით, აჭარის მთავარი არქიტექტორია, დღეს რუსული ხელისუფლების ტყვე იყოს.

„საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო გიორგობა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 6 მაისი, 19 წლის წინ აჭარაში მოხდა რევოლუცია და ფაქტობრივად, მაშინდელი რუსი ოლიგარქი, რომელიც ჩაბუდებული იყო აჭარაში გაიქცა მოსკოვში, იქიდან, საიდანაც იყო წარმოდგენილი აჭარაში და შესაბამისად, ამ ქალაქში, ბათუმში ყველაზე კარგად უწყიან მოქალაქეებმა მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის ღვაწლის შესახებ, ამ ქალაქში ყველაზე კარგად იციან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც გაწეული აქვს „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილს. სამწუხაროა, რომ 19 წლის წინ, მთავარ შემოქმედს აჭარის რევოლუციისას ბათუმის მთავარ არქიტექტორს დღეს „რუსული ოცნება“ და რუსული ხელისუფლება არაადამიანურად ეპყრობა და წამების მსხვერპლია საპატიმროში და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს საპატიმროც არ არის სამართლებრივი, ტყვედ ადამიანი აყვანილი და ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქ გააკეთა შეხსენება, თუ რა პროექტები აქვს გაკეთებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ კიდევ ბათუმში. მთელს საქართველოში გავაკეთებთ, ძალიან ბევრს ვიშრომებთ, ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და ცხადია ბათუმში ათჯერ უფრო მეტი გაკეთდება, ვიდრე აქამდე გაკეთებულა, თუმცა მანამდე გვაქვს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც გვაქვს გადასაჭრელი, ეს უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და „რუსული ოცნების“, რუსული ხელისუფლების დამარცხებას საქართველოში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ღონისძიებაზე შეკრებილების თქმით, გამოფენით საზოგადოებას აჭარის რევოლუციის შედეგები შეახსენეს.

„დღეს მოგეხსენებათ არის აჭარის რეგიონში ვარდების რევოლუციის წლისთავი. აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ნათლად დავანახოთ ის შედეგები, რაც რევოლუციამ მოუტანა აჭარას. ბევრს გვინდა შევახსენოთ, რომ ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი იყო. ყოვლად დაუშვებელია მისი სიცოცხლის ხელყოფა და ის წამება რასაც გადის. ჩვენ ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა ქაშიბაძემ.